06 მაისი 2024,   19:10
ვრცლად
ბოლო დროის გახმაურებული საქმეების სტატისტიკა, სადაც მნიშვნელოვანი ვიდეომტკიცებულებები გაქრა

ბოლო პერიოდში გახმაურებულ კრიმინალურ ისტორიებში, რომლებშიც სამართალდამცველების შესაძლო დანაშაული იკვეთება, ძალიან ხშირად ქრება მთავარი სამხილები - ვიდეოკადრები.

ასეთი შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ გახშირდა. ბოლო ფაქტი კი ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას უკავშირდება, რა დროსაც პატრულ ინსპექტორის მიერ დაკავებისას 33 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გაირკვა, რომ ჩანაწერი, რომელიც ამ შემთხვევას ასახავს, არ არსებობს. პატრულის სამხრე კამერას მხოლოდ ეს ნაწილი არ გადაუღია.  

როგორია ბოლო პერიოდის სტატისტიკა:

ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმე, რომელშიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, იყო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმე. ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 2013 წლის 13 - 14 დეკემბრის ღამეს ის საკნიდან გაიყვანეს და გადაიყვანეს მაშინდელ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად. მაშინ საგამოძიებო უწყებებმაც და თავად სასჯელაღსრულების სამინისტრომაც ყველანაირად გააჭიანურეს ვიდეომტკიცებულებების წარდგენა, შემდეგ კი განაცხადეს, რომ  ციხეში კამერების ჩანაწერი 24 საათში იშლება. ასევე არსად არ გამოჩენილა არ ქუჩებში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები.

გარდა ამ შემთხვევისა, კამერების ჩანაწერები გაქრა „ ქართული ოცნების“ მინისტრის მოადგილის საქმეშიც. ლაპარაკია 2017 წლის 3 აპრილს გელა ხვედელიძეზე მომხდარ თავდასხმაზე. ერთადერთი ვიდეო მასალა მაშინ თავად ხვედელიძის კუთვნილმა კამერამ გადაიღო,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი დაზარალებულის ადვოკატებს არ გადასცა პარალელურ ქუჩებზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა თავდამსხმელების იდენტიფიცირება. უფრო მეტიც სამინისტროში განაცხადეს, რომ 112-ის კამერების ჩანაწერები წაშლილი იყო.

კიდევ ერთი ხმაურიანი, საერთაშორისო საქმე, რომელშიც ფაქტობრივად ყველა კამერის ჩანაწერი უბრალოდ გაქრა, ეს არის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცების საქმე. ყოფილი კოლმეურნეობის მოედნიდან, ჭონქაძის ქუჩის ბოლომდე სავარაუდო გატაცების ადგილზე - ფუნიკულიორის ქვედა სადგურთან და ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, მინიმუმ ას კამერას მაინც უნდა გადაეღო ჟურნალისტი, ან რაიმე მოქმედება მის მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადვოკატს აჩვენეს მხოლოდ ერთი ჩანაწერი რომელშიც მუხთარლი ჩანს და ამ კადრში ჟურნალისტი სამარშრუტო ტაქსიში ჯდება ორბელიანის მოედანზე. დანარჩენი კამერების ჩანაწერები გასაჯაროებული არ არის და რამდენიმე კი დაზიანებულია. ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტზე კი შსს-ს განცხადებით,  იმ ღამეს ცვლიდნენ კამერებს და ჩანაწერები არ აქვთ.

ბოლო დროის ხმაურიან საქმეებს შორის არის ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის საქმეც, რომელიც 13 მარტის საღამოს ნარკოდანაშაულის ბრალდებით აიყვანეს, სასამართლომ კი უდანაშაულოდ სცნო და გაათავისუფლა. დაკავების პირველივე დღეებში ელისო კილაძე იურისტებთან ერთად მოითხოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის სამმართველოს ეზოში იმ ღამით გადაღებულ კადრებს, იმის დასადასტურებლად, რომ მის შვილზე ფიზიკური ზეწოლა ხდებოდა - პოლიციამ მოკვლევის შემდეგ კილაძეს უპასუხა, რომ მყარ დისკზე ჩანაწერი არ აღმოჩნდა.

დღის ამბები