02 მაისი 2024,   10:38
ვრცლად
ბარიერი ჩვენ შორის არცერთ ჩვენგანს არ გადაგვილახავს - ლელა ქიტესაშვილი

თიანეთში „ქართული ოცნების“ მერობის ყოფილმა კანდიდატმა მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი ცესკოში გაასაჩივრა. ამ ოქმის მიხედვით, ოლქში მისმა კონკურენტმა, თამაზ მეჭიაურმა 1 ხმით გაიმარჯვა. ქიტესაშვილი მიიჩნევს, რომ ოლქში არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.

თიანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ 50%-იანი ბარიერი არც მას და არც მის კონკურენტ თამაზ მეჭიაურს არ გადაულახავს. ქიტესაშვილი 6 დაკარგულ ბიულეტენზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ არ არის გამორიცხული, ბიულეტენები მის სასარგებლოდ იყოს შემოხაზული. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრების განსახილველად ერთდღიანი ვადა აქვს.

„კანონის მიხედვით, ელემენტარული არითმეტიკული დათვლის მიხედვით, ბარიერი ჩვენ შორის არცერთ ჩვენგანს არ გადაგვილახავს, იმიტომ რომ მარტივად ვიტყვი. 6 ათას 379 ადამიანი მონაწილეობდა არჩევნებში, აქედან 220 ბიულეტენი ოფიციალურად გაბათილდა და დარჩენილია 6 ათას 159, რომლის მიხედვითაც უნდა გამოთვლილიყო შემდეგი და 6 ათას 159-ის ნახევარს პლუს ერთი, გამოდის 3 ათას 80 ხმა უნდა ქონოდა ერთ-ერთ ჩვენგანს, მაშინ როდესაც ბატონ თამაზს აქვს 3 ათას 77, მე კი 3 ათას 76 ხმა. ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ დაკარგულია 6 ბიულეტენი,“ - განმარტავს ლელა ქიტესაშვილი.

გარდა ამისა, აუდიტის სამსახურში იმყოფებოდა თამაზ მეჭიაურის მრჩეველი ფინანსურ საკითხებში რომა ხუციშვილი. მან აუდიტის სამსახურში დოკუმენტაცია წარადგინა.

საუბარია მეჭიაურის არა ფულად შემოწირულობებზე, რომელთან დაკავშირებითაც აუცილებელია, რომ კანდიდატმა დეკლარაცია წარადგინოს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი განმარტავს, რომ თითოეული შემომწირველის შესახებ ინფორმაციის ​წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციები იმოქმედებს. 

ავტორი: ნინო გახდელიანი

დღის ამბები