02 მაისი 2024,   09:29
ვრცლად
"რა დავაშავე, მე ხომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ვზრუნავ" - შოთა შალელაშვილი პრემიერის მწვავე კრიტიკას ეხმაურება

შოთა შალელაშვილის პირველი ინტერვიუ ღია წერილის და სუს-ში დაბარების შემდეგ. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, განმარტავს მიმართვის გამოქვეყნების მიზეზს და პრემიერმინისტრის მწვავე განცხადებასაც ეხმაურება.

შოთა შალელაშვილი ამბობს, რომ პრემიერს ჰქონდა უფლება, გამოეხატა საკუთარი პოზიცია მის ღია წერილთან დაკავშირებით. მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, მან ღია მიმართვა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს, გაავრცელა იმიტომ, რომ სურდა ამ იდეისთვის მოსახლეობას მხარი დაეჭირა.

„პრემიერმინისტრისადმი ჩემს მიმართვას რაც შეეხება, ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას ჩვენ ვერსად გავექცევით. რა მიმართვას გავაკეთებ მე, ამას აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს. პრემიერმინისტრმა რა განცხადებაც გააკეთა, ეს მისი პრეროგატივაა. პრემიერმინისტრის გადასახედიდან უკეთ ჩანს თუ რა განცხადებები უნდა გააკეთოს და სოლიდარული ვარ.

"ეს იყო ჩემი ღია მიმართვა, სურვილი. მე მინდოდა საქართველოს მოსახლეობას დაეჭირა ამისთვის მხარი, იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობა ისრაელის სახელმწიფოსთან არის ძალიან კეთილად განწყობილი და თუკი შეიძლებოდა და პოლიტიკურად გამართლებული იქნებოდა, პრემიერმინისტრთან ეს იყო მიმართვა,“ - აცხადებს შოთა შალელაშვილი.

რაც შეეხება მიმართვის შემდეგ მისი „ქართული ოცნების“ ფრაქციიდან შესაძლო გარიცხვას, შოთა შალელაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან მსგავს ქმედებას არ ელოდება.

„ერთი წუთითაც არ ვუშვებ. არ ჩამიდენია ისეთი რაღაც რომ... საერთოდ სიტყვა - გასარიცხი ბავშვობიდან მახსოვს გარიცხვა, რისთვის, რა დავაშავე. მე ხომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ვზრუნავ,“ - აცხადებს შალელაშვილი.

შოთა შალელაშვილი კიევში, შევჩენკოს უნივერსიტეტის მიწვევით იმყოფება და ლექციას კითხულობს.

"ქართული ოცნების" წევრის ღია მიმართვას კვირიკაშვილის სახელზე, პრემიერის მწვავე რეაქცია და უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. შოთა შალელაშვილმა საქართველოს ხელისუფლებას, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც ის გომელაურის უწყებაში დაიბარეს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები