26 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
თურქეთის მოქალაქის ფემბე ოზლემის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა დაიწყო 

ბათუმის საქალაქო სასამართლო თურქეთის მოქალაქის საქმეზე მსჯელობს, სადაც არსებითი განხილვა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ფემბე ოზლემი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული

სასამართლომ ბრალდებულ ფემბე ოზლემს ბრალდების არსი გააცნო. თურქეთის მოქალაქე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ სცნობს.

დაცვის მხარის ადვოკატმა ლევან მამულაძემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და აღკვეთის ღონისძიების შეცვლა 8 000 ლარის სანაცვლოდ შესთავაზა.

პროკურორს პაატა ცეცხლაძეს მიაჩნია, რომ საქმეში ახალი გარემოება არ არის გამოვლენილი და ბრალდებული ფემბე ოზლემის საქმეზე მტკიცებულებები არ არის გამოკვლეული და მისი პატიმრობაში ყოფნა ძალაში უნდა დარჩეს.

მოსამართლე ლევან გელოვანმა დაცვის მხარის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და თურქეთის მოქალაქე ფემბე ოზლემი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის თქმით, განჩინება არ საჩივრდება და მისი გასაჩივრება მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ არის შესაძლებელი. მხარეები დღევანდელ პროცესზე შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

წინა სასამართლო სხდომაზე სასამართლომ მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელა. თურქეთის მოქალაქე ფემბე ოზლემი ქობულეთში 25 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა ედება, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები