26 აპრილი 2024,   23:16
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელები პროკურატურასა და წულუკიანს ადანაშაულებენ

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე პროკურატურას "რუსთავი 2"-ის საქმეზე დაწყებული გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. "რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელები ამბობენ, რომ უწყებამ მათ ჯერ კიდევ 2015 დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა და საქმის მასალებიც გადასცა, თუმცა ამ დრომდე ბრალი არავისთვის წარუდგენია.

დვალისა და აქიმიძის ინფორმაციით, საქმეს რამდენიმე თვეში ხანდაზმულობის ვადა ეწურება, სწორედ ამიტომ მიმართავენ პროკურატურას, რაც შეიძლება სწრაფად გამოავლინოს ის პირები, ვინც მათ "რუსთავი 2“-ის წილი ძალით დაათმობინეს. ტელეკომპანიის ყოფილ მფლობელებს პრეტენზიები იუსტიციის მინისტრთანაც აქვთ.

დავით დვალი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს სახელზე გაგზავნილი კითხვები გამოქვეყნებული აქვს სამინისტროს ვებ-გვერდზე, თუმცა ქართულ ვერსიაში გამოტოვებულია ის კითხვა, რომელიც ეხება "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებს და იმ მფლობელებს, რომლებიც იყვნენ "რუსთავი 2"-ში. დავით დვალი სახალხო დამცველსაც მიმართავს.

"განცდა მაქვს, რომ პროკურატურა გამიზნულად წელავს დროს იმისთვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდეს, რომ ჩვენ აღარ გაგვაჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რის შიგნითაც  ვიდავებთ ამაზე. სრულად გამიზნულად აკეთებს ამას,  ჩემთვის გაუგებარია სამი წელი დუმილი... მინდა ვთხოვო სახალხო დამცველს, ჩვენ როგორც 15 წლის წინ ისევე დღეს ვაწყდებით სიტუაციას-სახელმწიფო ფაქტობრივად გვართმევს უფლებას, რომ დავიცვათ ჩვენი თავი,“ -ამბობს დავით დვალი.

ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით,  მისი აზრით, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ არ არის დაკავებული ამ საქმეზე არცერთი პირი.

 

დღის ამბები