28 აპრილი 2024,   15:23
ვრცლად
"ორი რადიკალური ჯგუფი, რომელიც ერთმანეთს კვებავს," - ლევან გოგიჩაიშვილი "ქართულ მარშსა" და "რუსთავი 2"-ს ერთმანეთთან აიგივებს

"რუსთავი 2"-ზე განხორციელებულ თავდასხმას, რა დროსაც ე.წ. "ქართული მარშის" წევრებმა გიორგი გაბუნიას და არხის იურისტს არ მისცეს შენობაში შესვლის საშუალება და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტ, დავით ერაძეს,  საპარლამენტო უმრავლესობა აფასებს.

ლევან გოგიჩაიშვილმა "რადიკალური ჯგუფები" უწოდა, როგორც  მარშის წარმომადგენლებს, ასევე "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს. მან აღნიშნა, რომ ამ ორ ჯგუფს ერთმანეთი სჭირდება.

„ესენი არიან ორი რადიკალური ჯგუფი, რომელიც ერთმანეთს კვებავს. ერთი არის აი ამ მიმართულების რადიკალები, რაც "ქართული მარში" არის და მეორე არის იმ მიმართულების რადიკალები, რაც აი ის ჯგუფი წარმოადგენს-გვარამია, გაბუნია და მასთან ასოცირებული პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფები. ეს არის ერთი ჯგუფის ორი ბოლო. ორი რადიკალური ფრთა, რომელიც ერთმანეთს კვებავს. ერთმანეთის გარეშე ამ ადამიანებს არ შეუძლიათ და ჩვენ ვტოვებთ ამ ადამიანებს ისეთ ფარგლებში, სადაც მათი უფლებები იქნება დაცული და ერთმანეთში არკვიონ საქმე,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კი პოლიციის ქმედებას ეხმაურება და ამბობს, რომ სამართალდამცავებმა დროულად მოახდინეს რეაგირება.  როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რადგან  "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტი იმყოფება პარლამენტში, ეს ნიშნავს, რომ ტელევიზია მუშაობს შეუფერხებლად.

არჩილ თალაკვაძე "რუსთავი  2"-ის ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა, რომელმაც უმრავლესობის დეპუტატს უთხრა, რომ მისი კითხვა არ ეხებოდა  მაუწყებლობის შეფერხებას, არამედ საუბარი იყო ფიზიკურ თავდასხმაზე.

„მაშინ მოდი თქვენ მითხარით რა კომენტარი გავაკეთო და მე გავიმეორებ. აი ეს რომ გაუშვათ მაშინ,“-უპასუხა არჩილ თალაკვაძემ "რუსთავი 2"- ის ჟურნალისტს.

 

დღის ამბები