26 აპრილი 2024,   08:46
ვრცლად
საჩხერის ჩიხურას მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა - დაშავებულია ერთი ფეხბურთელი

საფეხბურთო კლუბ საჩხერის ჩიხურას კუთვნილი მიკროავტობუსი ხაშურთან გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.

ავტობუსში კლუბის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, რომელებიც გასვლითი მატჩიდან სახლში ბრუნდებოდნენ. დაშავებულია ერთი ფუხბურთელი, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.

„დაუდგინდა მარჯვენა ლავიწის ძვლის სამხრე ბოლოს მოტეხილობა. მცირე ცდომით და ჩაუტარდა ოპერაცია ლავიწის ძვლის ოსტეო სინთეზი. ოპერაცია მთავრდება, ჩაიარა ნორმალურად, სხვა დაზიანებები პაციენტს არ აქვს. სიცოცხლისათვის საშიში ნამდვილად არ არის, გამომდინარე იქედან რომ პაციენტი არის სპორტსმენი, გაჭირდება ალბათ გარკვეულწილად რეაბილიტაცია, ამას მომავალი გვიჩვენებს,“-განაცხადა ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორმა ბუბა შალამბერიძემ.

შემთხვევის დეტალებს იხსენებენ ფეხბურთელებიც. დიმიტრი ტატანაშვილის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მიკროავტობუსს ტრაილერმა გადაუსწრო. მისივე თქმით, მძღოლის მცდელობის მიუხედავად მან საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

საჩხერის ”ჩიხურას” დირექტორის ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო. ბერიკა შუკაკიძის თქმით, მცირე დაზიანება აქვს მიღებული კიდევ ერთ ფეხბურთელს, თუმცა მისი ჰოსპიტალიზება საჭირო არ გამხდარა.

„ბრუნდებოდნენ ფეხბურთელები გუნდის კუთვნილი ავტობუსით და ხაშურთან მძღოლმა ვერ შეძლო საჭის დამორჩილება, რადგან ტრასაზე როგორც ის ამბობს იყო წყლის ნაკადი, მოცურდა მანქანა და ხრამში ჩავარდა. დაშავებულია საბედნიეროდ მხოლოდ ერთ ფეხბურთელი, გუნდის კაპიტანი შოთა ტაშია, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია ლავიწის ძვალზე, მცირე დაზიანება მიიღო ბაჩანა ცხადაძემ, მაგრამ ვესაუბრე და ის კარგად გრძნობს თავს,“-განაცხადა საჩხერის ”ჩიხურას” დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ.

დღის ამბები