27 დეკემბერი 2024,   04:40
ვრცლად
თავდასხმა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებზე ახალქალაქში - ლევან ბეჟაშვილი ენზელ მკოიანისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტას ითხოვს 

ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული ოპოზიციის წევრები, დღეს კლინიკაში ენმ-ს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა მოინახულა. სამივე დაშავებულს ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და ქალა ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება.

გაერთიანებული ოპოზიცია იმ ექიმების დასჯას მოითხოვს, რომლებმაც პაციენტებს სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარეს და სახლში გაწერეს, რის შემდეგაც მათი მდგომარეობა დამძიმდა და თბილისში ტრანსპორტირება გახდა საჭირო.

„პროკურატურას მოვთხოვთ, რომ მოხდეს დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტა და ამ საქმის უსწრაფესი გამოძიება. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ იხევს უკან, ხელისუფლება ძალადობს და ქვეყანაში უნდა არსებობდეს რაიმე ინსტიტუცია, რომელიც ერთგვარ ბალანსს შექმნის ამ ხელისუფლების განუკითხაობასთან მიმართებაში. თუ გამოძიება დაინტერესებულია საქმის ობიექტურ და ოპერატიულ გამოძიებაში, დღეს მთელი ღამის და დღის განმავლობაში ერთი გამომძიებელი მაინც უნდა მოსულიყო და საგამოძიებო მოქმედებები ჩაეტარებინა, ელემენტარულად, ექიმებისთვის ეკითხა, შესაძლებელი არის თუ არა დაზარალებულების დაკითხვა,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ახალქალაქში მომხდარ ინციდენტსა და დაზარალებულების მდგომარეობის შესახებ საუბრობს ერთ-ერთი დაზარალებულის მამა, მელიქ რაისიანიც

„ბიჭები საავადმყოფოდან როდესაც გაწერეს, სახლში მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. დაეწყოთ კანკალი და გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება. ექიმებმა თავის თავზე არ აიღეს მათი მკურნალობა. გაუკვირდათ, ასე როგორ გამოწერეს საავადმყოფოდან, ზოგს 6, ზოგს კი 7 ჭრილობა ჰქონდა. ბევრს ვერ გეტყვით, ახალქალაქი ყოველთვის პოლიტიკურად ანგაჟირებული რეგიონი იყო,“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებულის მამა, მელიქ რაისიანი.

დღის ამბები