
This is a modal window.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე სამართალდამცავების მხრიდან კანონდარღვევაზე საუბრობს. მისი თქმით, აქციის მონაწილეებს კონსტიტუციური უფლება აქვთ გადაადგილდნენ თელავის მიმართულებით, თუმცა მათი ეს უფლება შეზღუდულია. მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ პირადად ის არაერთი აქციის მონაწილეა, თუმცა მსგავსი ქმედება სამართალდამცავების მხრიდან არ ახსოვს.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციამ მთლიანად გადაკეტა გზა. მე მახსოვს ძველი ხელისუფლებების დროს, მე მონაწილე ვარ 90-იანი წლების მიტინგების, 2000-იანი წლების მიტინგების, 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის 2011 წლის 26 მაისის. იყო წინააღმდეგობა პოლიციის მხრიდან, მაგრამ გზის გადაკეტვა, ჩახერგვა ისე, რომ მოქალაქე ვერ გადაადგილდეს ასეთი რამ საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ მაგონდება. ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ითხოვს პანღურს. და თუ ის პანღურს ითხოვს, პირდაპირ ვეტყვი, როგორც საქართველოს მოქალაქე მურმან დუმბაძე, რომ ის იმსახურებს პანღურს და ამ პანღურს მიიღებს,“-განაცხადა მურმან დუმბაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ეს პროტესტი გამოიწვია ხელოვნურად, გზების გადაკეტვით. რეალურად კი შესაძლებელი იყო ოპოზიცია ჩასულიყო თელავში, გაემართათ 40 წუთიანი აქცია და დაბრუნებულიყვნენ უკან, თუმცა პროტესტი "ოცნებამ" თავად გაამწვავა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ არის საქართველოს პრეზიდენტი.
გურჯაანის ცენტრში, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს აღმართული და აქციის მონაწილეებს არ აძლევენ საშუალებას გააგრძელონ გზა თელავისკენ, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ოპოზიციის მხარდამჭერებმა რამდენჯერმე სცადეს, რომ პოლიციის ბარიკადები გაერღვიათ. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას.