10 დეკემბერი 2022,   07:23
ვრცლად
ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეპარდის ექსტრადირების შუამდგომლობას ადვოკატები არ დასთანხმდებიან

ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეპარდის ექსტრადირებას ადვოკატები არ დასთანხმდებიან. ბრალდების მხარეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ექსტრადიციის შუამდგომლობა არ დაუყენებია, თუმცა, ამის გაკეთებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

ადვოკატების თქმით, ისინი ექსტრადაციის მოთხოვნას არ გაიზიარებენ და ლონდონისთვის ჯეკ შეპარდის გადაცემას არ დასთანხმდებიან.

„უბედური შემთხვევა, მოულოდნელად ნავის გადმოტრიალება, ქართული კანონმდებლობით დანაშული არ არის, ეს უფრო ადმინისტრაციული სახდელია. მის შემდეგომ ქმედებას, რომელიც ინციდენტი იყოს, არ არის წარმოდგენილი ჩვენთვის საქმის მასალები, არ ვართ გაცნობილი, რა საკითხზე იყო საუბარი. ყურადღება გამახვილდა ჯეკ შეპარდის პიროვნებაზე და პროკურორმა აღნიშნა, როგორც საქმის მასალებშია, რომ ის არის სუიციდისკენ, ღრმად დეპრესიისკენ მიდრეკილი პირი. მისი გადაყვანა და ექსტრადირება იმ ქვეყანაში, სადაც მოხდა გამამტყუნებელი ვერდიქტი, მისი მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს,“ - განაცხადა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა.

წითელი ცირკულარით ძებნილი შეპარდის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ მის სიცოცხლეს დიდ ბრიტანეთში ჩასვლის შემდეგ შესაძლოა საფრთხე დაემუქროს.​ შეპარდის ინტერესების დამცველის თქმით, ბრიტანეთის მოქალაქეს რამდენიმე დღის წინ ტელეფონზე დაურეკეს და დაემუქრნენ.

ადვოკატი არ ამხელს, კონკრეტულად ვინ დაურეკა მისი დაცვის ქვეშ მყოფს, თუმცა აღნიშნავს, რომ ზარის ავტორი შარლოტა ბრაუნის ახლობელი იყო.

„ცოტა ხნის წინ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, კონკრეტული პირები დაემუქრნენ ტელეფონზე, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის აღმოჩნდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, მას შეექმნებოდა ძალიან სერიოზული პრობლემები. მას აქვს სერიოზული შიში, რომ საპატიმრო დაწესებულებაში აღმოჩენის შემთხვევაში, ბრიტანეთში, გარკვეული პირები მას შეუქმნიან ძალიან დიდ პრობლემებს. მას აქვს შიში, რომ გარკვეული პირები, რომლებიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ დიდ ბრიტანეთში, მას შეუქმნიან პრობლემებს,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ბრიტანეთის მოქალაქეს ჯეკ შეპარდს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. მოსამართლე რომან ხორავამ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

შეპარდის ბრიტანულმა სასამართლომ დაუსწრებლად 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება უბედურ შემთხვევას, როდესაც კატერით სეირნობის დროს, რომელიც ამობრუნდა შეპარდის შეყვარებული გარდაიცვალა. ბრიტანული სკოტლანდ იარდის მიერ გავრცელებული ვერსიით, ის კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები