02 მაისი 2024,   21:40
ვრცლად
სამხედრო სამსახურის გადავადება ქრთამის სანაცვლოდ - საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი და "ქართული ოცნების" აქტივისტი დააკავეს 

საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ქიმერიძე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამოძახების გადავადებას მოქალაქეს 700 ლარის ქრთამის სანაცვლოდ სთავაზობდა. საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსმა მოქალაქისგან 700 ლარი აიღო. გიორგი ქიმერიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.

ქიმერიძე „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებებს აქტიურად ესწრებოდა. ის გამგეობის სამხედრო განყოფილებაში ჯერ შტატგარეშე თანამშრომლად დაასაქმეს და კონსულტანტის მოვალეობას ასრულებდა, 2015 წელს კი კონკურსის წესით სამხედრო სამსახურის განყოფილების უფროსად დაინიშნა.  

საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსის დაკავებაზე თანამშრომლებმა „კურიერთან“ არ ისაუბრეს. თავდაპირველად კი დაკავების ფაქტი დამალეს და განაცხადეს, რომ გიორგი ქიმერიძე ობიექტურ მიზეზების გამო სამსახურში ვერ გამოცხადდა. „კურიერის“ შეკითხვის დასმის შემდეგ კი მათ კომენტარი აღარ გააკეთეს.

„არ გპასუხობთ. გთხოვთ, მუშაობაში ხელს ნუ შეგვიშლით“ - საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების თანამშრომლები სამხედრო სავალდებულო სამსახურის სისტემაში არსებულ სავარაუდო კორუფციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს. 

დღის ამბები