„როცა სასამართლო დაასრულებს და საბოლოო წერტილს დაუსვამს ამ საკითხს, მერე ვიმსჯელოთ იმაზე, რომელმა გამომძიებელმა და რა პროცესმა შეუწყო გაჭიანურებას ხელი“ - ასე ეხმაურება გიორგი ვოლსკი, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ კალანდიას დაკავებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი აცხადებს, რომ არც ერთი კითხვა, გამოძიებასთან დაკავშირებით, პასუხგაუცემელი არ დარჩება.
„იმ პერიოდში მოცემულობა იყო სულ სხვა და შემდეგ, გამოძიების ინტენსივობამ განაპირობა რასაკვირველია ბევრ საკითხზე პასუხების მიღება. მაგრამ ნუ ვიჩქარებთ. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც უნდა დავიცვათ. როცა სასამართლო დაასრულებს და საბოლოო წერტილს დაუსვამს ამ საკითხს, მერე ვიმსჯელოთ იმაზე, რომელმა გამომძიებელმა და რა პროცესმა შეუწყო გაჭიანურებას ხელი. დამერწმუნეთ, არც ერთი საკითხი პასუხგაუცემელი არ დარჩება“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
გახმაურებული მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სამართალდამცველებმა დღეს დილით დიღმის ტრასაზე აიყვანეს. მის მიმართ კი ეჭვები და შეკითხვები ხორავას ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის პირველივე დღესვე გაჩნდა. ეჭვები მოგვიანებით კიდევ უფრო გამყარდა, როცა კალანდიამ რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება.
თუმცა მის დასაკავებლად სამართალდამცველებს მაინც 18 თვე დასჭირდათ. ბოლო წვეთი სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება იყო, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ სარალიძე მოკლეს ჯგუფურად, და ამ ჯგუფური დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილე ციხეში არ იჯდა.