სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმებიან კანონპროექტის ბოლო ვერსიას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტში გათვალისწინებულია მათ მიერ შემუშავებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული მთავარი რეკომენდაციები, რომლის მიზანია სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა იმედს გამოთქვამენ, რომ პარლამენტი კანონმდებლობის მიღებას უზრუნველყოფს.
„საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმებიან სასამართლო რეფორმის "მეოთხე ტალღის" შესახებ კანონპროექტის ბოლო ვერსიას, რომელიც სამუშაო ჯგუფში შემავალი საერთაშორისო თანამეგობრობის, სამოქალაქო საზოგადოების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ფართო კონსენსუსის შედეგად იქნა მიღებული.
მიგვაჩნია, რომ კანონპროექტში გათვალისწინებულია ჩვენ მიერ შემოთავაზებული და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული ის მთავარი რეკომენდაციები, რომელთა მიზანია მეტი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ქართულ სასამართლო სისტემაში.
ველით პარლამენტის მიერ ამ კანონმდებლობის მიღებას და სასამართლო უწყებების მიერ მის აღსრულებას, ასევე, მზად ვართ, დახმარება გავწიოთ კანონმდებლობის აღსრულებისა და შემდგომი რეფორმების პროცესში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.