19 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
"ივანიშვილს აქვს განზრახული, რომ ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს, ის პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გავისტუმროთ" - ოქრუაშვილი

"ივანიშვილს აქვს განზრახული, რომ ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს. დღევანდელი მოვლენა, იყო გაგრძელება იმ ყველაფრის, რასაც მის ხელისუფლება ბოლო წლებში აკეთებს,“ - ეს განცხადება, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა პარლამენტის შენობასთან გააკეთა. ის საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების მისვლას და სერგეი გავრილოვის მიერ სპიკერის სავარძლის დაკავებას აპროტესტებს.

ოქრუაშვილის თქმით, ახლა დასაცავია ქვეყნის ღირსება და შვილების მომავალი.

„ან ჩვენ დავიცავთ ჩვენს ღირსებას, პირნათელი ვიქნებით ამ მოედანზე და არა მხოლოდ ამ მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლაში დაღუპული ადამიანების ღირსებას, ან ჩვენ დავრჩებით ცხვრის ფარად, რომელიც საბალახოდ არის გამოსული. ან შევინარჩუნებთ ღირსებას, ან ყველაფერი ივანიშვილის ნება-სურვილის მიხედვით გაგრძელდება,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ქვეყნისთვის მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ხელისუფლებიდან არჩევნების გზით უნდა წავიდეს.

„სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან არ წავა, მანამდე ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება დავწრილმანდებით, კობახიძე და ა,შ, ნიშნავს იმას, რომ თავი მოვიტყუოთ... ივანიშვილი პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გავისტუმროთ,“- აღნიშნა ოქრუაშვილმა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები გუშინ ჩამოვიდნენ. დღეს, ანტიქართული განწყობის მქონე კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვი ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. ამ ფაქტმა საზოგადოების განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები სხდომათა დარბაზში დემარშით შევიდნენ და რუს დეპუტატებს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს. რამდენიმე წუთის წინ კი სერგეი გავრილოვსა და მის კოლეგებს სასტუმროც დაატოვებინეს და აეროპორტში გაძლიერებული დაცვის ესკორტით გადაიყვანეს. ისინი საქართველოს, სავარაუდოდ, ერთ საათში დატოვებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები