ეს არის პოლიტიკური დევნა - ასე აფასებს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას და გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, აკაკი მინაშვილი.
მინაშვილი სხვა პოლიტიკოსებთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება.
„ ყველასთვის ცხადია და მთელი საზოგადოებისთვის ხელის გულზე დევს რა ხდება. ნიკა გვარამია რომ არ ყოფილიყო მთავარი, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის დირექტორი, მის წინააღმდეგ დევნა ხომ არ დაიწყებოდა. მას რომ არ დაეანონსებინა მთავარი ტელევიზიის, ახალი ტელევიზიის შექმნა მომავალში, მის წინააღმდეგ დევნა არ განხორციელდებოდა. ანუ ცხადია, ეს არის პოლიტიკური დევნა, ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულება, იმიტომ, ივანიშვილს არ უნდა რომ ქვეყანაში ჰყავდეს ოპონენტები.,“- განაცხადა მინაშვილმა.
პროკურატურამ გამოძიება სამაუწყებლო კომპანიის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. საუბარია დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. გვარამიას დაბარებას წინ უძღოდა მის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განცხადების გაკეთება. დღეს კი გაირკვა, რომ გვარამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას, "რუსთავი2"-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალიაც ითხოვს.