
თითქმის ერთი საათია საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამია მოწმის სტატუსით იკითხება. სასამართლოს ეზოში იმყოფებიან მისი მხარდამჭერები. მათ შორის არის ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავაც. ენმ-ს წევრი აცხადებს, რომ პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს პირდაპირ დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის შიშთან ოპონენტების მიმართ.
ამასთან, მურთაზ ზოდელავას თქმით, ივანიშვილი ცდილობს საზოგადოება შეაჩვიოს რომ ყველა აქტივობა მასთან უდნა შეთანხმდეს.
„ივანიშვილს უნდა გავითავისოთ, რომ რაღაც მოქმედებებს საქართველოში სჭირდება მისი ნებართვა. მაგალითად, ნიკა გვარამიას შემთხვევაში, მან დააანონსა, რომ შეეცდება შექმნას ახალი ტელევიზია და როგორც ჩანს ეს მოქმედება უკვე შედის იმ ნუსხათა სიაში რაზეც სჭირდება ივანიშვილის ნებართვა,“-განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
მისივე განცხადებით, ზუსტად იგივე ნებართვაა საჭირო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებითაც და ამის მაგალითია მამუკა ხაზარაძის მიმართ წარდგენილი ბრალი. მურთაზ ზოდელავას თქმით, როგორც კი ხაზარაძემ დააანონსა პოლიტიკური აქტივობა, ივანიშვილის მხრიდან ამას მოჰყვა მყისიერი რეაგირება და ხაზარაძეს წაუყენეს ბრალი.