18 ნოემბერი 2024,   02:04
ვრცლად
“სირცხვილია“ - ამ ლოზუნგით აქციები, ქვეყნის ყველა კუთხეში 20 სექტემბრამდე გაიმართება

მოძრაობა “სირცხვილია“-ს წევრებმა სტარტი ზუგდიდიდან აიღეს. აქციის მონაწილეებს ზუგდიდის მერიის წინ, ისევ ერთი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ - გადადგეს, ახლა უკვე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პასუხი აგოს 20 ივნისის ღამის მოვლენებზე.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, სირცხვილია ყველგან, სადაც  ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი გახარიას  მმართველობა ვრცელდება. გიგა მაქარაშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში აქცია “სირცხვილია“ ოფიციალურად ჩამოყალიბდება, როგორც სახალხო მოძრაობა.

“ყველგან სირცხვილია და ეს ამბავი არ არის მარტო ერთი ქალაქის და ერთი ქუჩის. სირცხვილია ყველგან, სადაც ვრცელდება გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენ შევდექით უკვე, როგორც მოძრაობა და ამას უკვე ოფიციალურადაც დავაფუძნებთ და პირველად ეს ყველაფერი უნდა გვეთქვა ზუგდიდში და ძალიან მიხარია, რომ ზუგდიდი არის ის ქალაქი, რომელიც აქამდეც იჯდა ქვეყნის მთავარ არტერიაზე და ყოველთვის, ყველაზე მეტად ზუგდიდში იგრძნობოდა ის გულის ცემა, რაც ქვეყანას აქვს“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ ადგილობრივებიც, რომელთა განცხადებითაც ისინი მხარს უჭერენ  თბილისში მიმდინარე აქციის მოთხოვნებს.  საპროტესტო აქციას  ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილიც ესწრებოდა.

“ვაპროტესტებთ გახარიას დანიშვნას პირველ რიგში პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ეს იყო ყოვლად მიუღებელი გადაწყვეტილება, კრიმინალი გახარია, რომელსაც კონკრეტულად აქვს ამ ქალაქში აქვს პრაქტიკულად ადამიანის მკვლელობა ჩადენილი  და ეს საქმე არის გამოუძიებელი და არა ერთი სხვა კიდევ გამოუძიებელი საქმის ძირითადი თანაავტორი დანიშნეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად, ქვეყნის პირველ პირად ადამიანი, რომელმაც 20 ივნისს ახალგაზრდებს დათხარა თვალი და დღემდე 87-ე დღეა და არა თუ გადადგომას არ აპირებს, არამედ აწინაურებენ“- აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ.

დღის ამბები