მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სარჩელს პარტია "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვის მოთხოვნით მომდევნო კვირას შეიტანს. დესტრუქციული ქმედება, სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა და დესტაბილიზაციური პროცესების მხარდაჭერის მუდმივი მცდელობა - ის საკითხებია, რომლებიც მმართველი გუნდის თქმით, გახარიას პარტიის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნის მოტივი გახდა. კანონმდებლები ფიქრობენ, რომ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ გახარიას პარტიისთვის ავანსად მიცემულმა შანსმა არ გაამართლა და მათი ქმედება ვერ შეცვალა.
საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს ექს-პრემიერის პარტიის აკრძალვის ერთ-ერთ მთავარ მოტივად მათი საგარეო ასპარეზზე საქმიანობაც დაასახელეს. თქვეს, რომ გახარიას თანაგუნდელები და მათი იდეური მოკავშირეები, სააკაშვილის პარტიიდან, ეროვნული ინტერესების დაზიანებას პერმანენტულად უცხოელი ლობისტების დახმარებით ცდილობდნენ.
საკონსტიტუციო სარჩელს სასამართლოში გაგზავნამდე სამართლებრივად დაუსაბუთებელს უწოდებენ თავად პარტია "საქართველოსთვის" წევრები. კოლეგებს სოლიდარობა პირველებმა დღეს "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოუცხადეს და თქვეს, რომ ამ ვითარებაში ოპოზიცია უფრო კონსოლიდირებული უნდა იყოს.
"ნაციონალურ მოძრაობას", "გახარიას პარტიას", "ახალს" და "ლელოს" საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ მოიაზრებენ "ქართულ ოცნებაში". ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობამ მიმდინარე წელს მათი საერთო, ანტისახელმწიფოებრივი მიზნები კიდევ ერთხელ გამოააშკარავა. პოლიტიკური ველიდან მათი სამართლებრივი გზით გაქრობა კი პროცესის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.
სარჩელს გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საპარლამენტო უმრავლესობა მომდევნო კვირას შეიტანს. საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა, დადგენილ ვადაში, "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტების" და უკვე პარტია "საქართველოსთვის" კანონიერებასთან დაკავშირებით მოუწევს.