18 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
მიქაუტაძე იუსტიციის საბჭოს სხდომის მოულოდნელად გამართვის შესახებ განმარტებებს აკეთებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე მოულოდნელად დანიშნული სხდომის შესახებ საბჭოს არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის განცხადებებს გამოეხმაურა.

მიქაუტაძემ განმარტა, რომ საბჭოს სხდომის დღეს გამართვა საბჭოს დანარჩენ წევრებთან შეთანხმებით და მათი რეკომენდაციით მოხდა.

„შაბათ-კვირას ვერ მოხერხდა სხდომის დაორგანიზება. როდესაც მომდევნო დღეებზე მქონდა კომუნიკაცია საბჭოს წევრებთან, მათი უმეტესი ნაწილი ხვალ და ზეგ ფიზიკურად ვერ ახერხებდა საბჭოში გამოცხადებას. ამიტომ, მოგვიწია ისე, რომ ისევ წევრებთან შეთანხმებით, დღევანდელ დღეს დაგვენიშნა ეს სხდომა.“- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე საბჭოს სხდომის მოულოდნელად გამართვას აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით, კანონმდებლობით საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია 7 დღით ადრე უნდა გამოქვეყნდეს, მათ კი სხდომის გამართვის შესახებ მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე შეიტყვეს.

დღის ამბები