პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმესაც გამოეხმაურა, სადაც პოლიციელთა შესაძლო დანაშაული ფიგურირებს. გახარიამ აღნიშნა, რომ თუ მსგავსი ფაქტები დადასტურდება, მათ მიმართ მიდგომა ბევრად უფრო მკაცრი და დაუნდობელი იქნება.
"მინდა შევეხო ბოლო კვირის განმავლობაში მძიმე შემთხვევას, როდესაც მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ 5 ადამიანს შორის 2 პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად მძიმე აღსაქმელი, რა თქმა უნდა, ეს არის მძიმე კომპონენტი, მძიმე შედეგი, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ერთეული შემთხვევები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიაყენებს ჩრდილს 40 000 ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად, იცავს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებას და მის ღირსებას. ასევე, უნდა გვესმოდეს ისიც და ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მაშინ, როდესაც დადასტურებულად გვექნება ფაქტი, როდესაც სამართალდამცავი თავიანთი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩაიდენს დანაშაულს, ჩვენ ბევრჯერ უფრო მკაცრები ვიქნებით და ჩვენი მიდგომა აქ იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი, რამეთუ ვერასოდეს ვერავინ დააყენებს ათასობით პოლიციელის, კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობასა და ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ ერთეული შემთხვევები. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ერთეულ შემთხვევებსაც არ უნდა შევურიგდეთ. სწორედ ამიტომ არის შსს-ში დაწყებული ის რეფორმები, რომელსაც ჰქვია სისტემური განახლება და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ჩვენ ფასეულობების დონეზე ჩვენს პოლიციაში შევცვალოთ როგორც მიდგომები მოქალაქის და მათი ფუნქციების, მოვალეობის და ქვეყნის წინაშე ვალდებულებების ნაწილში, ასევე მათი ყოველდღიური შრომის ეფექტურობის ზრდის თვალსაზრისითაც", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.