"ქალები სვამენ" - თამთა თოდაძის მხარდასაჭერად ქალები სოციალურ ქსელში ჭიქა ღვინით გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. თამთა თოდაძისა და დეპუტატ ილია ჯიშკარიანის სისხლის სამართლის საქმეში არ დევს ოქმი, რომელიც ახალგაზრდა ქალის თრობას ადასტურებს. სამოქალაქო საზოგადოება თვლის, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი მსგავსი ფაქტი დეპუტატს უფრო დამამძიმებელ გარემოებად ეთვლება, ვიდრე გამამართლებელ არგუმენტად.
დეპუტატის ადვოკატი თვლის, რომ თოდაძის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა საქმეში მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს. როგორც კუბლაშვილი აცხადებს, ისეთი მტკიცებულებების მოპოვებაც აქვს დაწყებული, რომელიც საქმეს არსებითად შეცვლის.
თამთა თოდაძე და მისი ოჯახის წევრები პრესასთან კომენტარს აღარ აკეთებენ. თამთა თოდაძის ადვოკატი, თამარ ლუკავა კი აცხადებს, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აპელირებით “ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატის ადვოკატი საგამოძიებო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს. თოდაძის ადვოკატი, რამდენიმე დღეში პროკურატურასაც მიმართავს და იმ პოლიციელების დაკითხვას მოითხოვს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე პირველები მივიდნენ.
ბრალდებული დეპუტატი ილია ჯიშკარიანი ჯანმრთელობის პრობლემების გამო დღემდე "ნიუ ჰოსპიტალის" კლინიკაში იმყოფება. ჯიშკარიანს სასამართლომ გადაწყვეტილება პალატაში გააცნო. დეპუტატს აღმკვეთ ღონისძიებად 10 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა და თამთა თოდაძისგან დისტანცირება დაეკისრა. საქმეზე მსჯელობა სასამართლოში უკვე 18 ნოემბერს გაგრძელდება.