უნგრეთის მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც აუქმებს ვიქტორ ორბანის მიერ შემოღებულ ანტიLGBTQ+ წესებს - კერძოდ, არასრულწლოვნებში „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის“ აკრძალვას, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ორბანის მთავრობამ, ქრისტიანულ-კონსერვატიული დღის წესრიგი გაააქტიურა და 2021 წელს არასრულწლოვნებისთვის ხელმისაწვდომ მედიაკონტენტში ჰომოსექსუალიზმისა და გენდერული იდენტობის შეცვლის „ჩვენება და პროპაგანდა“ აკრძალა.
ორბანი აცხადებდა, რომ ეს ანტიLGBTQ+ კანონები ბავშვების დასაცავად იყო მიმართული, თუმცა შეზღუდვებმა უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.
უნგრეთის ახალმა იუსტიციის მინისტრმა, მარტა გოროგმა მაისში განაცხადა, რომ უნგრეთს მოუწევდა LGBTQ+ კონტენტზე ხელმისაწვდომობის შემზღუდველი კანონმდებლობის გადახედვა მას შემდეგ, რაც აპრილში ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს შეზღუდვები არღვევდა ევროკავშირის კანონმდებლობას და ხელს უწყობდა ანტიLGBTQ+ ადამიანების სტიგმატიზაციასა და მარგინალიზაციას.
პრემიერ-მინისტრმა პეტერ მაგიარმა, რომელიც ხელისუფლებაში აპრილში მოვიდა, პირობა დადო, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებს აღადგენს. როგორც გამოცემა წერს ევროკავშირის დინამიკაში დაბრუნება მოითხოვს დემოკრატიულ სტანდარტებსა და უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებული შეშფოთებების მოგვარებას.
ახალი კანონპროექტი კრძალავს იმ მასალებს, რომლებმაც შესაძლოა „სერიოზულად დააზიანოს ბავშვის ფიზიკური, ინტელექტუალური, ემოციური ან მორალური განვითარება“.
„წინადადება ფოკუსირებულია იმ რეალურ საფრთხეებზე, რომელთა წინაშეც ბავშვები დგანან. დაცვის ცენტრშია პორნოგრაფიული და ასაკისთვის შეუფერებელი სექსუალური კონტენტი, ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია და ძალადობა, სექსუალური პროვოკაცია და მანიპულაცია, ისევე როგორც სხვა კონტენტი, რომელიც მძიმედ აზიანებს ბავშვების ფიზიკურ, ინტელექტუალურ, ემოციურ ან მორალურ განვითარებას“, - ნათქვამია კანონმდებლობაში.
შაბათს მაგიარმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ასევე შეცვლის წესებს, რომლებითაც პრაქტიკულად აკრძალული იყო ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვების აყვანა.