18 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
"საქმიანობაში ჩარევის შემთხვევაში, გამოვიყენებ იმ კონსტიტუციურ გარანტიებს, რომელიც ჩემს დამოუკიდებლობას განამტკიცებს" - ლევან მიქაბერიძე

"საქმიანობაში ჩარევის მცდელობისას, გამოვიყენებ იმ კონსტიტუციურ გარანტიებს, რომელიც ჩემს ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას განამტკიცებს," - ეს განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ლევან მიქაბერიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნინო გოგუაძის კითხვის, - "ვინმემ რომ მოინდომოს თქვენს საქმიანობაში ჩარევა, თქვენს წარმოებაში არსებულ საქმეზე მისაღებ გადაწყვეტილებაში ჩარევის მცდელობა რომ ჰქონდეს, როგორ დაიცავთ საკუთარ დამოუკიდებლობას“, საპასუხოდ გააკეთა.

მიქაბერიძის განმარტებით, მსგავსი ჩარევის შემთხვევაში, აღნიშნულზე სასამართლოს თავმჯდომარეს აცნობებდა.

"ამგვარი მცდელობის არსებობის პირობებში, ბუნებრივია, გამოვიყენებ იმ კონსტიტუციურ გარანტიებს, რომელიც ჩემს ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას განამტკიცებს. არსებობს საკონსტიტუციო ჩანაწერი, დებულება, რომ მოსამართლე თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მოსამართლის საქმიანობაში პირდაპირ თუ არაპირდაპირ. ამასთან ერთად არსებობს მოსამართლესთან კომუნიკაციის წესი, ამგვარი მცდელობის არსებობის პირობებში ერთი, რასაც გავაკეთებდი აუცილებლად იქნებოდა ის, რომ საქმის კურსში ჩავაყენებდი სასამართლოს თავმჯდომარეს, მოვახსენებდი საქმის ფაქტობრივ მოცემულობას და ალბათ კანონით დადგენილი წესით მისცემდნენ მსვლელობას, თუკი დადგინდებოდა, რომ კომუნიკაციის წესის დარღვევას ჰქონდა ადგილი,"- აღნიშნა ლევან მიქაბერიძემ.

გარდა ამისა, დეპუტატის კითხვაზე, კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ სასამართლო ხელისუფლებას ინსტიტუციურად რა გარანტიები შეუქმნა, მიქაბერიძემ უპასუხა, რომ ახალი რედაქციით სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის მექანიზმები გაიზარდა.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ მაგალითად, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია აღარ შეიძლება გახდეს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. ვფიქრობ, ეს არსებითად, პრინციპულად ძალიან მნიშვნელოვანი და მყარი სამართლებრივი გარანტიაა, რათა მოსამართლემ თავი იგრძნოს დამოუკიდებლად და მან სრულყოფილად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, ნებისმიერი წინაღობების მიუხედავად სამოსამართლო უფლებამოსილება ღირსეულად განახორციელოს. მოსამართლეთა გარანტიის თვალსაზრისით ერთ-ერთი ალბათ მნიშვნელოვანია ზოგადად კონსტიტუციური ჩანაწერით მუდმივად დანიშვნის საკითხი,” - განაცხადა მიქაბერიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები