18 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
20-21 ივნისის მოვლენები - ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობა დააყენეს

ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე, საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით ორი ექსპერტი დაიკითხა. სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა, დღეს პროცესზე აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობა დააყენეს. საუბარია 500 ათას ლარიან გირაოზე. როგორც ადვოკატი აცხადებს, პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საპატიმროში დატოვოს.  

"პოლიციელთა ზოგადი ჩვენების გარდა, რამდენიმე პოლიციელის, რომლებიც რასაც ამბობენ, იქ დანაშაულის შემადგენლობა არ გვაქვს, არაფერი არ არის საქმეში. დღეს ორი ექსპერტი დაიკითხა, რომელიც გვეუბნება, რომ კონკრეტულ კადრში ნამდვილად ირაკლი ოქრუაშვილი ჩანს. მათ სხვა არაფერი არ გამოუკვლევიათ. მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, ის არგუმენტი, რომ შესაძლოა მას კავშირი ჰქონოდა აქციის სხვა მონაწილეებთან და ამ მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინა, აღარ არსებობს“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა.

ბრალდების მხარის თქმით კი, იმ შემთხვევაში თუ აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება და ირაკლი ოქრუაშვილი საპატიმროს დატოვებს, არ არის გამორიცხული მან მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და პარტია "გამარვებული საქართველოს" ლიდერს 20-ი ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები