ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება – პარლამენტი დღეს შსს–სა და სუს–ის წარმომადგენლებს სწორედ ამ საკითხზე მოუსმენს. შეხვედრა თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთობლივი სხდომის ფარგლებში გაიმართება.
ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება. ისინი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს აკრიტიკებენ.
"რუსები მუდმივ პროვოკაციებს აგრძელებენ და ოკუპაციის ხაზის გადმოწევას. ჩვენი შეკითხვები იქნება მიმართული, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ შეიცვალოს ეს მძიმე ვითარება, თუმცა ჩვენ გვყავს ის რეჟიმი, რომელიც ოკუპანტის სასარგებლო ქმედებებს ახორციელებს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია ბარამიძემ.
ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულ უფრო ხშირად იძაბება. ადამიანებს იტაცებენ, უწევთ სახლების დაშლა, მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია. აბსოლუტურად გაუგებარია რა პოლიტიკა აქვს ჩვენ ხელისუფლებას. ამიტომ საკმაოდ მწვავე კითხვები გვექნება,“ - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ.
მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ ადგილზე ვითარების დეესკალაციისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.
"ცენტრალური ხელისუფლება და მისი შესაბამისი უწყებები იყენებენ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტებს, იმისთვის, რომ მოხდეს ვითარების დეესკალაცია და ზეწოლა საოკუპაციო ძალაზე, რომ შეასრულოს საერთაშორისო სამართლით და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულები,“ - განმარტა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ.