პირველი ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულება ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართალდამცველებისა და მოხელის მიერ ჩადენილი შესაძლო ძალადობრივი დანაშაულების გამოძიება უფრო ეფექტიანად უნდა განხორციელდეს.
პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიას განცხადებით, ახალი ინიციატივა კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი ნდობის გაძლიერებისთვის.
"ინსპექტორის სამსახური დღეს აღჭურვილია საგამოძიებო პროპორციებით და ასევე მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სამართალდამცავი სისტემისთვის გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენდა სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ და დარწმუნებულები ვართ რომ უახლოეს პერიოდში, პირველი ნოემბრიდან, როგორც კი ეს მექანიზმი ამოქმედდება, ეს იქნება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერების თვალსაზრისით და კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მათ იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის ნამდვილად სამსახური გამოიძიებს სამართალდამცველების და მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
"სამსახურის შექმნა რამდენიმე წლით დაგვიანებულია, ჩვენ, სამოქალქო საზოგადოება წლებია ვითხოვთ ეფექტიანი მექანიზმის შექმნას, რათა გამოძიებული იყოს სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულები. პოზიტიური არის რომ საბოლოოდ ეს სამსახური შეიქმნა. თუმცა ჯერ მთავარი წინ და არის და მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობა მოიპოვოს,“ – აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელმა გურამ იმნაძემ.
სახელმწიფო ინსპექტიორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ იარსებებს ინფორმაცია სამართალდამცველებისა და მოხელეების მხრიდან განხორციელდა უფლებამოსილების გადამეტება ან ძალადობრივი ქმედება, ამ საქმეზე გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაიწყებს. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია გამოძიების მიმართ ნდობა არსებობდეს.
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გახლავთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, ეს სამსახური არ შედის არცერთი სახელმწიფო უწყების შემადგენლობაში და ჩვენ ვართ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენთვის არის ის, რომ გამოძიება, რომელსაც ჩვენ ჩავატარებთ, საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა და ჩვენ გავაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენს მიერ გამოძიებულ საქმეზე არ ჩნდებოდეს დამატებითი კითხვის ნიშნები,“ - გაანცხადა ლონდა თოლორაიამ.