18 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე - მუნიციპალური ინსპექცის შექმნას დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

ხმაური იყო ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. სიტყვიერი დაპირისპირება მერიის ინიციატივის დამტკიცებას მოჰყვა, რომლის მიხედვით ბათუმში ახალი აიპი მუნიციპალური ინსპექცია იქმნება.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში უნდა გაერთიანდეს მერიის ის რვა სამსახური, რომლებიც დღემდე საზედამხედველო ფუნქციებს ასრულებდნენ, სამშენებლო, სანიტარული, გარე ვაჭრობის, პარკირების და სხვა მიმართულებით. ყველა საზედამხედველო ფუნქციას ერთი აიპი შეითავსებს. სამსახური აღიჭურვება სპეციალური ფორმებით, პლანშეტებით, ბრენდირებული ავტომანქანებით და სხვა საჭირო ტექნიკით.

მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ნუკრი დეკანაძე ამბობს, რომ ახალი აიპი გაცილებით ეფექტურად განახორციელებს საზედამხედველო ფუნქციებს, იგი შესაბამისი ტესტირების გავლის შემდეგ დაკომპლექტდება მერიის ძველი სამსახურების თანამშრომლებით და ვაკანსიები შეივსება კონკურსის წესით. ახალ აიპიში დაახლოებით 180 ადამიანი დასაქმდება.

"აგვიხსნან, თუ ძველი თანამშრომლები იყვნენ არაკვალიფიციურები, აქამდე რატომ გააჩერეს, თუ კარგად ასრულებდნენ მოვალეობას, მაშინ რაშია საჭირო ახალი სამსახური და დამატებითი თანხები ბიუჯეტიდან, რაზეც პასუხი ვერ მივიღე, რამდენი დაიხარჯება. ანუ წინასაარჩევნოდ ახალი სამსახური იქმნება ოცნების აქტივისტების დასასაქმებლად"- განაცხადა ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემ.

საკრებულოს უმრავლესობა კი ოპოზიციას დემაგოგიაში ადანაშაულებს.

"სულ წინასაარჩევნო პერიოდი აკერიათ პირზე, არის თუ არა ეს დრო. ქალაქში ამათ, რომ ყური ვუგდოთ, აღარაფერი აღარ უნდა გაკეთდეს"- ამბობს საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან ნატალია ზოიძე.

საკრებულომ, მერიის ინიციატივა, განხილვის შემდეგ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

დღის ამბები