აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სადავო გეგმა დაბლოკა, - ინიციატივა ფოსტით გასაგზავნი ბიულეტენების წესების შეცვლას ითვალისწინებდა. საარჩევნო ოფიციალური პირები აფრთხილებდნენ, რომ ამას წლევანდელ შუალედურ არჩევნებზე კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა.
უზენაესმა სასამართლომ ხელმოუწერელი ბრძანებით ახალი წესი შეაჩერა. ამ ცვლილებით, აშშ-ის საფოსტო სამსახურს მილიონობით ბიულეტენის შეჩერების უფლება მიეცემოდა.
როგორც მედია წერს, სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციას სარჩელის მოგების მცირე შანსი ჰქონდა. ამომრჩევლებისთვის მოსალოდნელი ზიანი კი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. გადაწყვეტილებას უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი მხოლოდ ორი მოსამართლე წავიდა.
მოსამართლე ბრეტ კავანომ საკუთარ განმარტებაში აღნიშნა, რომ, მიუხედავად ფოსტის შესაძლო უფლებამოსილებისა, შტატებს არ აქვთ საკმარისი დრო, არჩევნებამდე ახალი წესების გონივრულად დანერგვა ფიზიკურად შეუძლებელია.
ტექნიკური დაბრკოლებები პროცესს კიდევ უფრო ართულებდა. ახალი წესი მოითხოვდა, რომ შტატებს ამომრჩეველთა მასობრივი მონაცემები ონლაინპორტალზე აეტვირთათ. თუმცა, ეს პორტალი ჯერ არც კი მუშაობდა. ამასთან, საჭირო გახდებოდა იმ კონვერტების შეცვლა, რომლებიც შტატების დიდმა ნაწილმა უკვე შეიძინა და მიმოქცევაშიც გაუშვა.
საქმის განხილვის პარალელურად, ფოსტის სამსახურის უსახელო წარმომადგენელმა საზოგადოება გააფრთხილა - მან აღნიშნა, რომ შტრიხკოდის თუნდაც მცირე ხარვეზმა შესაძლოა მთლიანი ფოსტის პარტია შეაჩეროს. ამან კი შესაძლოა მილიონობით ამომრჩევლისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა გამოიწვიოს.
ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ ცვლილებები ფოსტით სავარაუდო გაყალბებისგან დასაცავად იყო საჭირო. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები ამას ძალაუფლების ხელში ჩაგდებად აფასებდნენ.
დემოკრატმა გენერალურმა პროკურორებმა გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს. კოლორადოს შტატის მდივანმა განაცხადა, რომ ტრამპის მცდელობა ჩაიშალა. კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა ამას დემოკრატიის გამარჯვება უწოდა.
კონსტიტუციის თანახმად, საარჩევნო პროცედურების განსაზღვრა მხოლოდ შტატებისა და კონგრესის პრეროგატივაა. ის არ შედის თეთრი სახლის ან ფოსტის კომპეტენციაში. შაბათ-კვირას ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ ეს წესი შუალედური არჩევნებისთვის უკვე შეაჩერა.