გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განმარტებებს, რომლის თანახმადაც, მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებში გამოძიების დაწყების საფუძველი არ ჩანს, ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს.
მათი განმარტებით, მსგავსი მიდგომა პატრიარქის წინააღმდეგ შესაძლო შეთქმულების თეორიებს ამყარებს.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გაჟღერება უკვე გამოძიების დაწყების საფუძველია.
"დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გამოძიების დაწყების სავალდებულო საფუძველია და შემდგომ, როდესაც შესაბამისი მოქმედებები ჩატარდება, გამოიკითხება პირები, მათ შორის, განცხადების ავტორი, სხვა ფიგურანტები, შეიკრიბება შესაბამისი მტკიცებულებები, გადამოწმდება ფაქტების ნამდვილობა, მერე უნდა გააკეთოს დასკვნები პროკურორმა. მაგრამ, როგორც ჩანს, ბატონმა თადუმაძემ ეს არ იცის,“ - აღნიშნა ოთარ კახიძემ.