23 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
23 დღე ქვიშხეთის ტრაგედიიდან - რატომ არ დადგა ჩინელი მოქალაქის პასუხისმგებლობის საკითხი

დანაშაული რეაგირების გარეშე. დღეს "კურიერმა" გაარკვია, რომ ქვიშხეთში მომხდარი გახმაურებული ტრაგედიიდან რამდენიმე კვირის შემდეგ პოლიციას დაკავებული ისევ არ ჰყავს.

ოჯახსაც და გამოძიებასაც დადგენილი ჰყავთ პირი, რომელიც ტრაგედიის დროს სატვირთო ავტომობილს მართავდა. კონკრეტული მიზეზი, რის გამო არ დამდგარა ჩინეთის მოქალაქის პასუხისმგებლობა, უცნობია. იქამდე, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ხელმძღვანელობამ დაზარალებული ოჯახი შეხვედრაზე დაიბარა და წინასწარ დაინტერესდა, აპირებდნენ თუ არა გარდაცვლილის უფლებამონაცვლეები ჩივილს. ამავე შეხვედრაზე ჩინურმა კომპანიამ მათ კონკრეტული წინადადებაც შესთავაზა. 

ამ საიდუმლო შეხვედრის დეტალებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა ჩინეთის 23-ე ბიუროს ხელმძღვანელობამ. როგორც დაზარალებულები ყვებიან, მოლაპარაკებას ესწრებოდა კომპანიის ადვოკატიც. სატელეფონო საუბრის დროს ოლეგ გრძელიძე ყველა ფაქტს უარყოფს.

საქმეში პროფესიული კავშირიც ჩართულია. სპეციალისტებმა დაზარალებულ ოჯახთან შეთანხმებით ჩინური კომპანიის ხელმძღვანელის სახელზე განცხადება შეიტანეს და კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია მოითხოვეს. ამ წერილის მიღების შემდეგ ჩინელმა ბიზნესმენებმა დაზარალებულებთან მოლაპარაკებები პროფკავშირების გარეშე დაიწყეს. ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ თვითნებური გადაწყვეტილებებით კომპანიის წარმომადგენლებმა გარდაცვლილის ოჯახი მოატყუეს და კომპენსაციის სახით მათ კანონით გათვალისწინებულ თანხაზე 100 ათასი ლარით ნაკლები შესთავაზეს. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ათასობით ასეთი საქმეა, როდესაც ავტოსატრანსპორტო შემთხვევას მსხვერპლი ჰყავს. მხოლოდ მიმდინარე წელს 113 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთია 41 წლის თამაზ ჩარექიშვილი, რომლის საქმეზე მხილებული ჩინეთის მოქალაქე დღემდე თავისუფალია.

დღის ამბები