21 დეკემბერი 2024,   17:02
ვრცლად
ვის და რა კრიტერიუმებით შეიწყალებს საქართველოს პრეზიდენტი - კონსულტაციები შეწყალების წესზე

როდის დასრულდება 3 წლიანი ლოდინი და როდის გათავისუფლდება დეკანოზი - საპატრიარქოდან მიღებული რეკომენდაციის შემდეგ, პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი კიდევ ერთ პრობლემად რჩება. თუ სალომე ზურაბიშვილი პატრიარქის რეკომენდაციას გაითვალისწინებს, მორატორიუმის ფონზე სავარაუდოდ სასულიერო პირის შეწყალება დროში კიდევ გაიწელება. ახალი მექანიზმის შესწავლა კი პარლამენტმა ახლახან დაიწყო. პრეზიდენტმა ის კანონმდებლებს ერთი დღის წინ წარუდგინა.

რატომ შეიწყალა 22 წლის პოლიციელის მკვლელი, თარაშ მუკბანიანის ოჯახი პრეზიდენტისგან განმარტებას ამ დრომდე ელოდება. მოკლულის დეიდა ამბობს, რომ მომავალში პატიმრების შეწყალების დროს პრეზიდენტი უფრო ფრთხილი უნდა იყოს.

დატოვებენ თუ არა გიორგობის დღესასწაულზე მსჯავრდებულები საპატიმროებს - ეს ჯერჯერობით უცნობია. პრეზიდენტმა შეწყალების ახალ წესთან დაკავშირებით ახალი ბრძანება უახლოეს პერიოდში უნდა გამოსცეს. სალომე ზურაბიშვილმა შესაბამისი რეკომენდაციები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უკვე მოისმინა. პარლამენტი პრეზიდენტს ურჩევს, რომ პატიმრების შეწყალებისას გაითვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ასევე ისიც, არის თუ არა შესაწყალებელი პირი ძებნილი ან სამართალდამცავების მკვლელობისთვის გასამართლებული. თავად შეწყალება კი საგამონაკლისო წესით უნდა იყოს გამოყენებული.

საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის მორიგი ბრალდებების და კრიტიკის ობიექტი დღეს კიდევ ერთხელ გახდა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პირობებში შეწყალების წესში ცვლილებების შეტანას აზრი არ აქვს და იმპიჩმენტის საჭიროებაზე საუბრობენ.

"ევროპული საქართველო" კი აქცენტს უკვე განხორციელებული შეწყალებების გამოძიებაზე აკეთებს, რასაც მათი თქმით, შესაძლოა კორუფციული გარიგებებიც ედო საფუძვლად.

დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას კი პრეზიდენტისთვის გადაგზავნილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. შეწყალების წესის ცვლილებებში აზრს ვერ ხედავენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

პრეზიდენტის მიმართ გაცილებით უფრო კრიტიკულები შეწყალების კომისიის ყოფილი წევრები იყვნენ. ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტს უთხრა, რომ ორი არჩევანი აქვს ან აამოქმედოს შეწყალების კომისია, ან გადადგეს.

ვის და რა კრიტერიუმებით შეიწყალებს საქართველოს პრეზიდენტი ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ახალ ბრძანებას გამოაქვეყნებს. ხმაურიანი შეწყალებების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ერთი თვის წინ მორატორიუმი გამოაცხადა, ზუსტად ამდენი ხანია პრეზიდენტის ახალ გადაწყვეტილებას სასჯელაღსრულების დაწესებლებებში მყოფი პატიმრები ელოდებიან.

დღის ამბები