სახალხო დამცველის განცხადებით, სამართალდამცველ უწყებებს ძალადობრივ ჯგუფების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება აქვს. ნინო ლომჯარიას თქმით, მიუღებელია ის ჰუმანური პოლიტიკა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ქართული მარშის წევრების და ზოგადად, მოძალადე ადამიანების წინააღმდეგ აქვს.
ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ლგბტ+ თემატიკაზე გადაღებული ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერაზე ძალადობის ფაქტებს ადგილი არ ექნებოდა, ყველა დამნაშავე თავის დროზე, კანონის შესაბამისად, რომ დასჯილიყო.
"ამ ადამიანების ქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ზაფხულში შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ვფიქრობ, რომ გულგრილი და შემწყნარებლური პოლიტიკა ხორციელდება სამართალდამცველი უწყებების მხირიდან მათნაირი ადამიანების მიმართ. დღემდე არც გამოძიებაა დაწყებული და არც პასუხისგებაშია მიცემული ვინმე იმ ძალადობრივი ქმედებების თაობაზე, რასაც ისინი უკვე წლებია ახორციელებენ ქვეყანაში," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.