18 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
შესაძლოა ეს არ არის მორალური, თუმცა არაა დანაშაული - ადვოკატი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვები იწყება. დანაშაულში პროკურატურამ 20 პირი ამხილა, რომელთაც გამოძიება პირადი ცხოვრების ხასიათის ვიდეოების მოპოვება-გავრცელებას ედავება.

საქმეში ბრალდებულები თავს რეჟიმის მსხვერპლად მიიჩნევენ და თვლიან, რომ მათ წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივით, შერჩევითი სამართლით მოხდა. 

"ჩვენ გვედავებიან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროვება-მოპოვება-შენახვას, როცა ეს უკვე გასაჯაროვებულიც იყო და მოპოვებულიც თავიანთი მხრიდან. ათასობით ფაილი აქვთ მაგათ და გავრცელებულიც იყო ათასობით ადამიანთან. შერჩევითი სამართლით პოლიტიკური დაკავებები განხორციელდა,"- აცხადებს ბრალდებული სერგო ირემაშვილი

ბრალდებულების უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და, თავდაპირველად, ის პირები უნდა გამოავლინონ, ვინც ვიდეოს შექმნაში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ მის გავრცელებაზე იზრუნა. 

"უმჯობესი იქნება ბრალდების მხარემ მოიძიოს და გამოიძიოს ის პირები, ვინც შექმნა ეს ვიდეო, მოიპოვა და ვინც გაავრცელა, თავი და თავი ვინც არის ამ გავრცელების, თორემ ეს უდანაშაულო ხალხი, ვინც საერთოდ არ იცოდა ეს რა ვიდეო იყო და საიდან მოხვდა მათ პირად მესენჯერ ბოქსში, მათ არ შეიძლება ედავებოდეს ბრალდების მხარე ამ ვიდეოს არც მოპოვებას, არც შენახვას და არც გავრცელებას,"- განაცხადა ადვოკატმა ეკატერინე მაჭარაშვილმა.  

"ჩვენ ვიხილავთ საქმეს ადამიანების მიმართ, რომლებმაც ერთმანეთს რაღაც აცნობეს. შესაძლოა, ეს არ არის ლამაზი, შესაძლოა ეს არ არის მორალური, მაგრამ დანაშაულთან საქმე, ჯერ ერთი არ გვაქვს და მეორე, რამ გამოიწვია და რატომ გადაუგზავნეს ამ ბიჭებს,"- განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.

საქმის პროკურორი, შალვა გობეჯიშვილი აცხადებს რომ ბრალდებულებს ბრალი სტანდარტების შესაბამისად, მტკიცებულებების საფუძველზე აქვთ წარდგენილი. 

შეგახსენებთ, რომ დეპუტატის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით 20 პირი 2019 წლის თებერვალში დააკავეს. ამ ეტაპისთვის, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული. 

დღის ამბები