ახმეტაში მცხოვრები 48 წლის ქალი მასზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს იხსენებს. სვეტა მუზიკაშვილი ყვება, რომ ყოფილი მეუღლე, რომელთან ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა, მასზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მუდმივად ძალადობდა.
დაზარალებული ამბობს, რომ ბოლოს ყოფილმა ქმარმა მას 18 ნოემბერს, ახმეტის ცენტრში, პოლიციის შენობასთან, ისევ შვილების თვალწინ სცემა. ოჯახური ძალადობის მსხვერპლის თქმით, მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ, სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა.
ოჯახურ ძალადობაში დადანაშაულებული კაცი ბრალდებას ბრალდებით პასუხობს. გოჩა წიკლაური ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლი თავად არის. წიკლაურის ვერსიით, ახმეტის პოლიციის შენობასთან მას სვეტა მუზიკაშვილი თავს დაესხა, ინციდენტისას კი ის თავს იცავდა.
სვეტა მიზიკაშვილს პირველი ქორწინებიდან 15 წლის შვილი ჰყავს. არასრულწლოვანი "კურიერთან" იხსენებს, რომ მამინაცვალი ფიზიკურად მასზეც ძალადობდა.
ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ მეზობლებს. ისინი ამბობენ, რომ გოჩა წიკლაურის სხვა ოჯახი ჰყავს და სვეტა მუზიკაშვილთან ერთად დიდი ხანია აღარ ცხოვრობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს ახმეტაში მომხდარ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტზე, პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. საქმეში ჩართულია სოციალური სამსახურიც. სამართალდამცველებმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, არასრულწლოვანი ბავშვები სოციალური მუშაკის თანდასწრებით უკვე გამოიკითხეს.
დაზარალებული ქალი სოციალური სააგენტოს იურისტს ადანაშაულებს. სვეტა მუზიკაშვილის მტკიცებით, სააგენტოს თანამშრომელი ბავშვებს დედის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდა. ფაქტს უარყოფენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
ახმეტაში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს
ამ დროისთვის, ინციდენტში მონაწილე ორივე მხარის მიმართ გამოცემულია ორი შემაკავებელი ორდერი. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.