ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს 2020 ფისკალური წლისთვის ხელი მოაწერა.
დოკუმენტში საქართველოზეცაა საუბარი და დახმარების სახით განკუთვნილი თანხა 132 მილიონ დოლარს შეადგენს. კანონი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს შტატების პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით.
აქტის თანახმად, დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყანა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. კანონის სრული ტექსტი დღეს გასაჯაროვდა.