ვარკეთილში 16 წლის ბიჭის მე-9 სართულიდან გადმოვარდნის საქმეზე სასამართლოში არასრულწლოვანი მოწმე დაიკითხა. მოწმის ასაკიდან გამომდინარე პროცესი დახურული იყო.
სხდომიდან გამოსული ორივე მხარე ამტკიცებს, რომ მოწმემ ჩვენება მათ სასარგებლოდ მისცა.
საქმეზე სულ 6 პირია დაკავებული, აქედან 2 არასრულწლოვანია - მათი საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა მეგობრების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოებაში მოზარდს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მობილური ტელეფონი წაართვეს, რის შემდეგაც არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.
"დაიკითხა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც შეესწრო უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას, რომელმაც დეტალურად აღწერა თითოეული ბრალდებულის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება.
გამოყოფილია საქმე 115-ე მუხლს გათვალისწინებული დანაშაულებრივ ქმედების განხორციელებაზე და ამ მიმართულებით გრძელდება გამოძიება, თუმცა უშუალოდ საბოლოო შედეგი არ არის მიღებული," - განაცხადა პროკურორმა, თორნიკე ტყაბლაძემ.
დაცვის მხარის ადვოკატის თქმით, ბრალდებულ არასრულწლოვანს არანაირ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
"მისი პოზიცია ჩვენთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ბრალდების მხარისთვის იმიტომ, რომ არ იყო მისი ჩვენება ისეთი თანმიმდევრული როგორც წინასწარ გამოძიებაში.
გ.გ.-ს არანაირი მოქმედებები, არანაირ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. იგი არის უკანონოდ დაკავებული და ზის ბრალდებულის სკამზე, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯერჯერობით რაც მიდის, რა მტკიცებულებების გამოკვლევაც მოხდა სასამართლოზე, ამ მტკიცებულებებით გ.გ.-ს ბრალეულობა ვერ იქნება," - აცხადებს ადვოკატი ირმა ბრელიძე.
16 წლის ბიჭი ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 23 სექტემბერს გადავარდა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა.