18 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
გუდაურში მომხდარ მკვლელობის საქმის ახალი დეტალები - დაკავებულის ადვოკატებმა მეოთხე მტკიცებულების ვიდეო გაავრცელეს

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაკავებული სამხედროს მერაბ კობიაშვილის ადვოკატებმა მეოთხე მთავარი მტკიცებულება ბრიფინგზე გაასაჯაროვეს.

ადვოკატების ინფორმაციით, ეს არის ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ გადაინაცვლეს კლუბში დაწყებული ჩხუბის შემდეგ ინციდენტის მონაწილეებმა მერაბ კობიაშვილის სახლთან. ეს იყო მესამე ლოკაცია, სადაც, ადვოკატების ინფორმაცით, ბარიდან დაწყებული დევნის შემდეგ, კობიაშვილმა მიაღწია.

მათივე ვერსიით, ბრალდებულმა ერთ-ერთ პირს ფეხში ესროლა და ეს გასროლა გამაფრთხილებელი იყო. 

"ის აკეთებს გამაფრთხილებელ გასროლას ფეხის მიმართულებით, ამის შემდეგ ეს ადამიანი მას დაესხმება თავს, ცდილობს რომ წაართვას იარაღი, შემდეგ როდესაც მიდის ე.წ. ჯაჯგური იარაღზე, ამ დროს ხდება სწორედ გასროლა იარაღიდან, რის შემდგომაც დაიჭრება მეორე ადამიანი. შემდეგ მიდიან დანარჩენი პირები, რომლებიც თავს ესხმიან მერაბ კობიაშვილს და ცდილობენ წაართვან იარაღი, ამავდროულად ძლიერად ურტყამენ და ცემენ მას თავის არეში და როდესაც გრძელდება მისი ცემა რამდენიმე პირის მხრიდან, მერაბ კობიაშვილი ძირს არის წაქცეული და სწორედ ამ დროს ხდება დანარჩენი გასროლები, რის შემდეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი," - აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.

ჯერჯერობით, მათ ამ ვერსიას მეორე მხარე არ გამოხმაურებია.

17 თებერვალს, გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ყოფილი სამხედრო, მერაბ კობიაშვილია დაკავებული, რომელსაც მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღის ამბები