ყვარლის მუნიციპალიტეტში ადგილობრივები აქციას მართავენ. სოფელ ზინობიანის მოსახლეობა, საძოვრების კერძო პირზე გასხვისებას აპროტესტებს.
50 მდე პირი, ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ მაგისტრალზე შეიკრიბა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას მოითხოვენ. მათი თქმით, საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიას საძოვრად 2000 წლიდან იყენებდნენ, მუნიციპალიტეტმა კი მალულად გაასხვისა და დაგეგმილია ქარხნის მშენებლობა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ტერიტორიის ახალ მფლობელს, მიწის დამუშავების უფლებას არ მისცემენ.
"ჩვენი შემოსავალი მესაქონლეობაა, საძოვრები გაგვიყიდეს, მალულად გაყიდეს. არადა 2000 წლიდან საიჯარო ხელშეკრულებით ვიყენებთ და თანხასაც ვიხდით. ახლა გაყიდეს, აპირებენ ქარხნის აშენებას. არ გავჩერდებით. ვითხოვთ გაგვცენ პასუხი,"- აცხადებენ ადგილობრივები.
აქციის მონაწილეებს, მუნიციპალიტეტის მერი შეხვდათ. როსტომ სესიაშვილის თქმით, გასხვისება აუქციონის სახით მოხდა, ამასთან საკითხს შეისწავლის და პრობლემის მოგვარებას შეეცდება.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.