ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლის დანიშვნას ეწინააღმდეგება. პლენუმმა შემადგენლობის ახალი წევრი ხვალ უნდა წარადგინოს და ხვალვე დანიშნოს, რაც პოლიტიკოსების შეფასებით, არაგამჭვირვალე პროცესი იქნება. ოპოზიცია იზიარებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას," რომ პროცესი გადაიდოს და შესაბამისი კანონმდებლობა შეიცვალოს.
"ახლა ნაჩქარევად დანიშვნა დაინტერესებული პირების ჩართულობის, ფართო განხილვის გარეშე, მით უმეტეს რომ, სავარაუდოდ, ვსაუბრობთ საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალ თავმჯდომარეზე, რომელიც იქნება სწორედ ახალად დანიშნული წევრი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს გააჩენს,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ.
იმავე აზრზეა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილიც. ბეჟაშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ ისეთი პირის წარდგენა მოხდება, რომელიც კვალიფიკაციის და ნდობის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
"საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა უკვე გაჯერებულია "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილისადმი ლოიალური ფიგურებით. დღეს უკვე ახალი წევრის გამწესება მოხდება და ჩვენ და საზოგადოებას არ გვაქვს მოლოდინი, რომ ისეთი პირის წარდგენა მოხდება, რომელიც დააკმაყოფილებს კვალიფიკაციის და ნდობის ელემენტარულ კრიტერიუმებს,"-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მიესალმება ისეთ პროცედურულ ცვლილებას, რომელიც პროცესში საზოგადოების ფართო სპექტრის ჩართულობას უზრუნველყოფს.
"ისეთი პროცედურული ცვლილება, რაც დროშიც უფრო გაახანგძლივებს შერჩევის პროცესს და ხელს შეუწყობს იმას, რომ საზოგადოების და პოლიტიკური წრეების რაც შეიძლება ფართო სპექტრი მონაწილეობდეს, ეს უნდა გაკეთდეს. შესაბამისად, ამაზე შეიძლება მსჯელობა, კიდევ უფრო დამატებითი მექანიზმების შემუშავება,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" უზენაეს სასამართლოს მიმართა თხოვნით, არ დაინიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ხვალინდელ პლენუმის სხდომაზე, რადგან პროცესის გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი არ არის.