18 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
არ დაინიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ხვალინდელ პლენუმის სხდომაზე - საია უზენაეს სასამართლოს მიმართავს

არ დაინიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ხვალინდელ პლენუმის სხდომაზე - ამ მოთხოვნით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უზენაეს სასამართლოს მიმართავს.

ორგანიზაციის კიდევ ერთი ადრესატია საქართველოს პარლამენტი, რომლისგანაც საია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას მოითხოვს. პლენუმის წევრებმა კანდიდატი ხვალ უნდა წარადგინონ და ხვალვე დანიშნონ, რაც ორგანიზაციის შეფასებით, არაგამჭვირვალე პროცესია ისევე, როგორც თავმჯდომარის დანიშვნა. ეს პოზიცია საკონსტიტუციო სასმართლოში 15 ივნისიდან ვაკანტური გახდება. საკუთარ ვადას სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ასრულებს.

"თუ პარლამენტი მოწადინებულია იმისთვის, რომ ეს ცვლილებები მიიღოს, გაიზიაროს და ღიაობა და გამჭვირვალობა იყოს გათვალისწინებული, ჯერ კიდევ არის დრო საიმისოდ, რომ დაჩქარებული წესით იყოს მიღებული და ეს აისახოს კანონმდებლობაში. ამის მიუხედავად, თუნდაც რომ ეს ცვლილებები არ მოესწროს ახლა, ზოგადად, ის რომ ხვალ არ დანიშნოს პლენუმმა წევრი და ამაზე საზოგადოებაზე იცოდეს და იყოს გარკვეული დისკუსია და მსჯელობა და პლენუმმა ისეთი რამ შემოგვთავაზოს, რაც პროცესის ღიაობას შეუწყობს ხელს, ეს მხოლოდ წაადგება არსებულ მდგომარეობას და უფრო მეტად მოგვცემს საშუალებას ვისწრაფოთ სასამართლოს მიმართ შეიძლება გვქონდეს თუ არა ნდობა,"- განაცხადა საიას თავმჯდომარე სულხან სალაძემ.

ორგანიზაციის მოთხოვნას ეთანხმება სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელი ანა დოლიძეც, რომელიც აცხადებს, რომ ამ თანამდებობისთვის ღირსეული კანდიდატის შესარჩევად აუცილებელია გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურები.

"აუცილებელია შეჩერდეს დანიშვნები, განხორციელდეს დანიშვნები გამჭვირვალედ, სამართლიანად. ისეთი პროცედურა უნდა შევიმუშავოთ, სადაც ისეთი კვალიფიკაციის და გამოცდილების ხალხი მოხვდება, რომელიც იმსახურებს ამ ძალიან მაღალ თანამდებობას,"-განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები