18 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
გორში, ჯგუფური დაპირისპირების შედეგად დაზარალებული 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა - ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

მძიმეა 18 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გორში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაზიანდა, ახალგაზრდა ბიჭს ფუძის ძვალი აქვს დაზიანებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ოპერაციის შემდეგ გორის კლინიკიდან პაციენტი თბილისში გადმოიყვანეს, ქუჩური გარჩევა ქალაქის ცენტრში სპორტსმენ გიორგი კანდელაკის რესტორან "ჟოზეფში" დაიწყო და მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა.

დაპირისპირებას საკმაოდ ბევრი თვითმხილველი ჰყავს. მათი თქმით, ჩხუბი ღამის ორ საათზე დაიწყო, ჯგუფურ დაპირისპირებაში კი 20-მდე პირი მონაწილეობდა.

მეზობლების თქმით, ახალგაზრდა ბიჭი დაეცა და გაითიშა, რის შემდეგადაც სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა.

ჩხუბის შედეგად დაზარალებული 18 წლის ახალგაზრდის ოჯახის წევრებმა დაპირისპირების მიზეზი და დეტალები არ იციან.

კლინიკა "ჯერარსის" მთავარი ექიმის დავით ყაზიშვილის განცხადებით, 18 წლის ახალგაზრდას უამრავი გარეგანი და შინაგანი ტრავმა აქვს.

​"არის კომბინირებული მძიმე პოლიტრავმა. თავის ტვინში სისხლჩაქცევა. ტრავმის მექანიზმს მე ვერ გეტყვით, ეს უფრო ექსპერტიზის საქმეა,"- განაცხადა დავით ყაზიშვილმა.

​შეგახსენებთ, გორში წუხელ გვიან ღამით ჯგუფური დაპირისპირების დროს 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაზიანდა და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შსს-მ გამოძიება 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს.

დღის ამბები