პოლიციაში იმყოფება იმ დაზარალებულის ადვოკატი, რომელსაც, გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური დაზიანებები გიორგი კანდელაკის შვილმა, თარაშ კანდელაკმა მიაყენა.
პირველ განცხადებას აკეთებს ნაცემი მოზარდის ოჯახიც. დედა საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. კეთდება განცხადებები სავარაუდო მოტივთან დაკავშირებითაც.
ოჯახის ინფორმაციით, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი მეგობრებთან ერთად კანდელაკის ოჯახის კუთვნილ რესტორანში დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა კანდელაკთან და მის მეგობრებთან. რა გახდა უთანხმოების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
დაზარალებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ ჩხუბი არა რესტორანში, არამედ მის გარეთ, ეზოში, მოხდა.
"კიდევ მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, თუკი გამოძიება გამოკვეთს სხვა რომელიმე ადამიანს, რომელსაც ამ ფაქტში რაიმე ბრალი მიუძღვის, ამ შემთხვევაში, გამოძიება თავის სიტყვას იტყვის. ერთადერთი ვიცით ის, რომ ერეკლე რესტორანში არ ყოფილა, ჩხუბი რესტორნის გარეთ მოხდა - ეზოში,"- აცხადებს დაზარალებულის ადვოკატი თამარ მოსიაშვილი.
მშობლებს კი ერთადერთი ინტერესი აქვს და ეს მათი შვილის გადარჩენას უკავშირდება.
"პირველი პრობლემა არის ის, რომ ჩემი შვილი გადარჩეს. სხვა უკვე აღარაფერი აღარ მაინტერესებს. მათ შორის, არც სასამართლოს დადგენილება,"- აცხადებს დაზარალებულის მამა.
არსებობს თვითმხილველების ვერსია, რომ ინცინდენტში დაახლოებით 20-მდე პირი მონაწილეობდა.
გორში რესტორან "ჯოზეფში" 18 წლის ახალგაზრდას სცემეს, შემდეგ ადგილზე დატოვეს, დღეს მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ის თბილისშია გადმოყვანილი და რეანიმაციაში მკურნალობს. გამოძიებამ ფაქტზე ყოფილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის შვილი დააკავა. ამ ეტაპზე 22 წლის კანდელაკი ერთადერთი ბრალდებულია.