გიორგი რურუას განცხადებით, მის მიმართ წაყენებული ბრალი სიმართლეს არ შეესაბამება, მედიაში კი მის წინააღმდეგ დეზინფორმაცია ვრცელდება.
"მინდა შევეხო ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებულ, რუსული ხელწერით შექმნილ პროპაგანდას, რომელიც სახელისუფლებო მედიაში ვრცელდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს აბსურდული ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებაა და არ ემსახურება სიმართლის დადგენას. მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი," - განაცხადა გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე.
"ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, გიორგი რურუას იარაღი არ ჰქონია და ამაზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიც კი მიუთითებს.
გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მტკიცებილებების გამოკვლევით მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
დღევანდელ პროცესზე "ევროპული საქართველოს" ლიდერები: ირაკლი აბესაძე, ლევან თარხნიშვილი და სერგო რატიანი მოწმის სახით გამოიკითხებიან. გამოძიება გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.