18 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
ჩვენი რუსი კოლეგებიც სულ იკვლევენ ღამურებს, იქნებ ისინი იძლევიან 5000 დოლარს - პაატა იმნაძე

ხელისუფლება მზადაა, ლუგარის ცენტრის ნებისმიერ დისკრედიტაციას წინ აღუდგეს - ეს საქართველოს პრეზიდენტის პასუხია კითხვაზე - თუ რა რეაგირება ექნება ოფიციალურ თბილისს საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციაზე.

საუბარია უკანონოდ დატყვევებული ხვიჩა მღებრიშვილის საქმეზე, რომლის აღიარებითი ჩვენებაც ე.წ.-მა უშიშროების სამსახურმა გუშინ გაავრცელა.

ჩანაწერში საქართველოს მოქალაქე საუბრობს ღამურებზე, რომლის სანაცვლოდაც, თითქოს, ლაბორატორია 5 ათას ამერიკულ დოლარს იხდის.

სწორედ ამას ასახელებს დაკავებული მღებრიშვილი მიზეზად, რის გამოც გადაკვეთა ე.წ. საზღვარი.

საქართველოში ოკუპანტების მიერ გავრცელებულ ბრალდებას, შეფასებები მოჰყვა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ რუსეთის წარმომადგენლები ისეთ აბსურდს იტყვიან ხოლმე, რომ მასზე პასუხის გაცემაც კი უჭირს. 

"სატირალი რომ არ იყოს, ნამდვილად ძალიან სასაცილო იქნებოდა. ღამურების კვლევა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია COVID-ის ისტორიამაც დაადასტურა ეს. ღამურებს იკვლევს მთელს მსოფლიოში ყველა, ვისაც ეს შეუძლია. რუსეთის წარმომადგენლები ისეთ აბსურდს იტყვიან ხოლმე, პასუხის გაცემა ამაზე სერიოზულად მიჭირს ხოლმე. სხვათაშორის, ჩვენი რუსი კოლეგებიც სულ იკვლევენ ღამურებს, იქნებ ისინი იძლევიან 5000 დოლარს. ჩვენ ღამურებს რომ ვიკვლევთ მათ ბუნებაში ვაბრუნებთ," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, პაატა იმნაძე. 

საოკუპაციო რეჟიმი დაკავებული საქართველოს მოქალაქის ხვიჩა მღებრიშვილის ჩვენების ვიდეოს ავრცელებს.

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა. 

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ "სამხრეთოსეთელი ღამურების პოპულაციისადმი გაძლიერებულ ინტერესს 2012 წლიდან ავლენს ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი".

დღის ამბები