დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოს წინაშე ბრალდებულთა ნაწილი წარდგება. სხდომაზე 11 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯება.
ყველა მათგანი სრულწლოვანია და პროცესზე სწორედ მათ საკითხს განიხილავენ.
პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზე უნდა დაიწყოს. ადვოკატებს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის მოლოდინი არ აქვთ და პროცესს ფორმალობად აფასებენ. მათივე მტკიცებით, საქმეში არ არსებობს ახალი გარემოებები.
რაც შეეხება წინასასამართლო სხდომის თარიღს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებული სრულწლოვანი ბრალდებულების საკითხის განხილვა 1 თვით გახანგრძლივდა. 17 დაკავებულიდან დანაშაულს არც ერთი არ აღიარებს.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. წვეულების დროს და მის შემდეგ სხვადასხვა პირს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.