18 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
სტიქიის ზონაში 12 პრობლემური მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია 15 ერთეული მძიმე ტექნიკა

სტიქიის ზონაში სხვადასხვა წერტილიდან მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს. რაჭაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი.

ამ დროისათვის, მამისონის უღელტეხილზე ერთ-ერთ დაზიანებულ მონაკვეთზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა. გრძელდება დამატებითი ტექნიკის მობილიზებაც. როგორც ოფიციალური ინფორმაციით ხდება ცნობილი, სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს.

სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ხოლო 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, გზის 12 მონაკვეთი არის პრობლემატური და ისინი სწორედ ამ მონაკვეთებთან დაკავშირებით მუშაობენ. მობილიზებული დაახლოებით 15 ერთეული მძიმე ტექნიკა, უკვე გაჭრილია გზა სოფელ ნაკიეთამდე და გზის გაჭრა გრძელდება, თუმცა როგორც ცნობილია, ეს საკმაოდ რთული უბნებია და აღდგენითი სამუშაოები, სავარაუდოდ, დროში გაიწელება.

ადგილობრივების თქმით, ადიდებულმა მდინარეებმა სახლები, ნაკვეთები  და სოფლის შესასვლელთან მდებარე სასაფლაო დატბორა.  

რაც შეეხება სასმელი წყლით მომარაგებას, როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, სოფელი ონი უკვე მარაგდება წყლით და პრობლემა არ არსებობს, თუმცა მიუხედავად ამისა, სათავე ნაგებობას მაინც შეაკეთებენ.

"118-ე კილომეტრზე უკვე შემოვლითი გზა მოწყობილია, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ შესაბამისი ტექნიკა, რომელიც ასევე მობილიზებულია, 12 ერთეული უკვე არის მობილიზებული.

შესაბამისად, უკვე 2 ყველაზე კრიტიკული მონაკვეთი, სადაც შემოვლით გზას ვაწყობთ ამჟამად უკვე, რომელიც საშუალებას მოგვცემს უკვე მომდევნო მონაკვეთებზე გადავიდეთ. გზის 250 მეტრია დაახლოებით ჩაწყვეტილი და ძალიან აგრესიული არის მდინარე განსაკუთრებით ამ წერტილებში," - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ.

როგორც ცნობილია, პროცესში დილიდან ვერტმფრენი იყო ჩართული და ამ დროისთვის ვერტმფრენით დაახლოებით 25 ადამიანის გადმოყვანა მოხდა რაჭის სხვადასხვა სოფლიდან.

დღის ამბები