19 ნოემბერი 2024,   01:24
ვრცლად
ვებგვერდებსა და მაუწყებლებს კონკრეტული შინაარსის მასალის გავრცელება აეკრძალებათ - "ბავშვის უფლებათა კოდექსი" 1 სექტემბრიდან ამოქმედდება

1 სექტემბრიდან "ბავშვის უფლებათა კოდექსი" ამოქმედდება. ახალი რეგულაციით ვებგვერდებსა და მაუწყებლებს კონკრეტული შინაარსის შემცველი მასალის გავრცელება აეკრძალებათ. საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების რეგულირება კომუნიკაციების კომისიას დაევალა.

ცვლილებებს არასამთავრობო სექტორი არ ეთანხმება, ორგანიზაციები საკანონდებლო ცვლილებებს ხელისუფლების მხრიდან მედიის შეზღუდვის მცდელობად აფასებენ.

კანონის ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი დეპუტატი სოფო კილაძე აცხადებს, რომ მედიისთვის გარკვეული რეგულაციებისა და შეზღუდვების დაწესების მიზანი გამომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ იქიდან, რომ ბავშვთა უფლებები დაიცვან და არ შეიძლება ამას რაიმე სხვა ინტერესები ჰქონდეს.

"მედიის თავისუფლებას შეზღუდვა არ ემუქრება. აქ საუბარი არის ისეთი ტიპის ინფორმაციის შეზღუდვაზე, რომელიც ზიანს აყენებს ბავშვს. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ისეთი ინფორმაცია, რომელიც არის ბავშვისთვის საფრთხის შემცველი. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს, მაგალითად, აზარტული თამაშების პოპულარიზაცია, ნარკოტიკების მოხმარების პოპულარიზაცია, ძალადობის, თვითმკვლელობის განდიდება ასე ვთქვათ მკვლელობის განდიდება და მსგავსი ტიპის საკითხები, რამაც შეიძლება ბავშვის ფსიქიკაზე სერიოზულად დიდი ზიანი მიაყენოს," – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

კანონპროექტის მიხედვით, მედიასივრცეში ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც შესაძლოა, ბავშვებზე ნეგატიური გავლენა იქონიოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ უნდა აღკვეთოს.

კომისიის წარმომადგენლის რუსუდან ჭაბუკიანის განცხადებით, მაუწყებლები ვალდებულნი არიან საკუთარი ბადე დაგეგმვისას აღნიშნული ასაკობრივი პროგრამები ეთერში დღის კონკრეტულ პერიოდში განათავსონ.

"მაუწყებლების შემთხვევაში ისინი ვალდებული არიან, საკუთარი ბადე დაგეგმონ ისე, რომ აღნიშნული ასაკობრივი პროგრამები ეთერში დღის კონკრეტულ პერიოდში განათავსონ. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულდება, ვებგვერდები 1 000 ლარით დაჯარიმდებიან, განმეორებით კანონდარღვევის ჩადენის შემთხვევაში კი, 3 000 ლარიან ჯარიმას მიიღებენ. ხოლო, მაუწყებელი პირი პირველ ჯერზე 2 500 ლარიან ჯარიმას მიიღებს, ან მაუწყებლის წლიური შემოსავლის არაუმეტეს 0,5%-ისა. კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი მაუწყებელს ავტორიზაცია შეუჩერდება," - განაცხადა რუსუდან ჭაბუკიანმა.

დღის ამბები