17 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
"ორივე მხარეს, თუ ვინმეს ბრალი მიუძღვის, ყველა უნდა დაისაჯოს" - გოგი მეშველიანი ბოლნისის ინციდენტის პროვოცირებაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს

პარლამენტის ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გოგი მეშველიანი ბოლნისში მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას "ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებს. 

მისივე თქმით, უნდა დაისაჯოს ყველა, ვისაც ინციდენტში რამე დანაშაული მიუძღვის. 

"პასუხისმგებლობა გუშინდელ ძალადობრივ ქმედებებზე ეკისრება "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მაჟორიტარობის კანდიდატს. მიაყენეს შეურაცხყოფა და სცადეს ფიზიკური ანგარიშსწორება. ეს ანგარიშსწორების მცდელობა, ბუნებრივია, გადაიზარდა ორმხრივ დაპირისპირებაში. ჩვენი გუნდის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი, დაწყებული ინსპირატორიდან დასრულებული შემსრულებლით, ორივე მხარეს, თუ ვინმეს ბრალი მიუძღვის, ყველა უნდა დაისაჯოს,"-განაცხადა გოგი მეშველიანმა.

შეგახსენებთ, ინციდენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში გუშინ მოხდა. დაპირისპირება ჩაიხანაში დაიწყო, სადაც შევიდა "ქართული ოცნების" 16 მხარდამჭერიდან ნაწილი, რომლებიც მანამდე სოფელში მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატებს აკრავდა. იყო შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება, რის შემდეგაც მმართველი პარტიის აქტივისტებმა იქვე მდებარე "ქართული ოცნების" შტაბთან გადაინაცვლეს. "ოცნების" მხარდამჭერების ინფორმაციით, სწორედ აქ მოხდა მათზე თავდასხმაც და "ნაციონალური მოძრაობის" ხელკეტებით შეიარაღებული, დაახლოებით, 30 აქტივისტი მათ ფიზიკურად გაუსწორდა.

მომხდარის საპირისპირო ვერსიას ავრცელებს "ნაციონალური მოძრაობა". ისინი მმართველი გუნდის აქტივისტებს აგრესიაში ადანაშაულებენ და მათ მოსახლეობის დაშინებაში სდებენ ბრალს.

დღის ამბები