უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობების შესაბამისი ჯანდაცვის უწყებების თანხმობის შემთხვევაში, უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებს შესაძლოა გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწროს.
უეფას გადაწყვეტილების თანახმად, შესაბამისი სტრუქტურების მიერ გაცემული თანხმობის შემთხვევაში 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის ნახევარფინალის მატჩს, შესაძლოა, სტადიონის ტევადობის შესაბამისად, გულშემატკივართა მაქსიმუმ 30 პროცენტი დაესწროს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს შესაბამის სტრუქტურებთან, საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.