მაშველებმა ხელვაჩაურში, სადაც გასულ ღამეს მეწყერი ჩამოწვა, ორი ცხედარი იპოვეს. ცხედრები ცოტა ხნის წინ ნაპოვნი მანქანიდან ამოიყვანეს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, ეს ის ორი მამაკაცია, რომლებიც სოფელში მანქანით გადაადგილდებოდა.
"სამაშველო სამსახურმა იპოვა დაკარგული ავტომანქანა. ავტომანქანაში იყო ორი გარდაცვლილი, საშუალო ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი. გრძელდება სამუშაოები, თუმცა ამინდი გაუარესდა და ეს გარკვეულ შეფერხებებს იწვევს. თუმცა, მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და გაგრძელდება საძიებო სამუშაოები,"-განაცხადა მან.
ამ წუთებში ცხედრების ექსპერტიზაზე გადასვენება და მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, სამაშველო სამუშაოები დროებით შეჩერებულია, რადგან ტერიტორიაზე მეწყერსაშიში ნიადაგია, რაც ცუდ ამინდთან ერთად მეხანძრე-მაშველების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭში უხვი ნალექით გამოწვეულმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, რომელშიც ოჯახის სამი წევრი, იმყოფებოდა.
ასევე, მიწის მასამ გზაზე მდგომი მანქანა მოიყოლა, სადაც სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა ისხდა.